21 დეკემბერს თბილისში საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) მოსავლის შემდგომ მართვაში ტრენერების ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი ჩატარდა USAID ZRDA-სთან პროექტის ფარგლებში, რომლის განხორციელება დაიწყო გასული წლის ოქტომბრის თვეში.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და ხარისხის მენეჯერებმა, ასევე სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის ინსტრუქტორებმა.
ტრენინგის მიზანი იყო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში სერვისის პროვაიდერებისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მოსავლის შემდგომ მართვაში სასწავლო კურსის ფორმირებისა და იმპლემენტაციის მიზნით. ტრენინგზე განხილული იქნა კურსის სილაბუსი, კურის მოსალოდნელი შედეგები, საჭირო კომპეტენციები და სწავლის მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კურსის ფარგლებში პრაქტიკული მეცადინეობებისა და პროექტების განხორციელებას.
მოსავლის შემდგომი მართვა წარმოადგენს საქართველოში ახალ დისციპლინას, რომელიც მოიცავს პროცესებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსავლის სათანადო დამუშავებას მინიმალური დანაკარგებით მისი მიღებიდან რეალიზაციამდე. აღნიშნული დისციპლინა ეხმარება როგორც სტუდენტებს ისე აგრარულ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს მოსავლის ხარისხის გაუმჯობესაბასა და დანაკარგების შემცირებაში. ამდენად მისი იმპლემენტაცია აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში მეტად მნიშვნელოვანია არსებული სასწავლო პროგრამების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით.
ტრენინგის ფარგლებში GLA-მ წარმოადგინა მოსავლის შემდგომ მართვაში არსებული სასწავლო კურსების საუკეთესო პრაქტიკა აშშ-სა და ევროკავშირის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით და ადგილობრივი მოთხოვნის საფუძველზე დამუშავდა სასწავლო პროგრამა, რომელიც გადაეცა უნივესიტეტებს და სერვისის პროვაიდერებს მათი შემდგომი განხორციელებისთვის. გარდა ამისა მათ გადაეცათ სასწავლო კურსისთვის საჭირო სახელმძღვანელოები ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის შემდგომ მართვაში, რომლის მომზადება და გამოცემა დაფინანსდა USAID ZRDA-ს პროექტის მიერ. უნივერსიტეტების გადაწყვეტილებით შემდეგი სასწავლო წლიდან ახალი დისციპლინის ინტეგრაცია მოხდება მათ არსებულ სასწავლო პროგრამებში.