GLA-მ ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში საჭირო უნარების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა

GLA-მ ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში საჭირო უნარების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა

23 სექტემბერს საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში საჭირო უნარების კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული კვლევა ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ღონისძიება გახსნა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში წამყვანი კომპანიების, დარგობრივი ასოციაციების, პროფესიული განათლების დაწესებულებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში პროფესიულ უნარებზე მოთხოვნის კვლევის შედეგები და განხილული იქნა მოთხოვნადი პროფესიები და კომპეტენციები, რომელთა განვითარება საჭიროა ლოგისტიკის ბაზარზე შექმნილი საკადრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად. GLA-მ წარმოადგინა რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა, რომლებიც მიმართულია ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში დუალური პროფესიული პროგრამების განვითარებისა და კომპანიებსა და პროფესიული განათლების დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისკენ.