GLA-მ ლოგისტიკაში პროფესიის და საგანმანათლებლო სტანდარტები წარმოადგინა

GLA-მ ლოგისტიკაში პროფესიის და საგანმანათლებლო სტანდარტები წარმოადგინა

მიმდინარე კვირას საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) წარმოადგინა საწყობის და ტვირთების ექსპედიტორის სპეციალისტების პროფესიის და საგანმანათლებლო სტანდარტები, რომელთა შემუშავება განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. სტანდარტების შემუშავებას საფუძვლად დაედო გასულ წელს GLA-ს მიერ ლოგისტიკის სექტორში ჩატარებული პროფესიულ უნარებზე მოთხოვნის კვლევა. სტანდარტების შემუშავება განხორციელდა ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში პროფესიული განათლების ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

 

სტანდარტების შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიები, დარგობრივი და პროფესიული განათლების ექსპერტები. სტანდარტების საფუძველზე დაგეგმილია საწყობის ოპერაციების და ტვირთების ექსპედირების დუალური პროფესიული პროგრამების პილოტირება, რომელთა განხორციელება დაგეგმილია 2023 წლის შემოდგომიდან.

 

პროფესიის და საგანმანათლებლო სტანდარტები განხილული იქნა ორი სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფის შეხვედრაზე, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს დარგობრივმა ასოცოაციებმა, სატრანსპორტო-საექსპედიტორო და ლოგისტიკურმა კომპანიებმა. ფოკუს-ჯგუფების მონაწილეებმა განახორციელეს წარმოდგენილი სტანდარტების საბოლოო ვალიდაცია და ჩამოაყალიბეს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია საწყობის ოპერაციების და ტვირთების ექსპედირების დუალური პროგრამების განხორციელების პროცესში.

 

2021 წლიდან GIZ-ის მხარდაჭერით GLA ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში დუალური პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერას. პროექტის მიზანია დამსაქმებლების აქტიური მონაწილეობით ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში მაღალი ხარისხის დუალური პროფესიული პროგრამების ჩამოყალიბა და დანერგვა.