GLA-ს და TH Wildau -ს თანამშრომლობით კავკასიის უნივერსიტეტში ლოგისტიკის რეგიონალური საგანმანათლებლო ჰაბი შეიქმნება

GLA-ს და TH Wildau -ს თანამშრომლობით კავკასიის უნივერსიტეტში ლოგისტიკის რეგიონალური საგანმანათლებლო ჰაბი შეიქმნება

15-19 მარტს, GLA-ს და კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით გერმანიაში, ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკურ უნივერსიტეტში (TH Wildau) იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა TH Wildau-ს პრეზიდენტთან პროფესორ ულრიკე ტიპესთან და გერმანელ აკადემიურ პერსონალთან, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტის და TH Wildau-ს ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში.

ვიზიტის ფარგლებში ასევე განხორციელდა შეხვედრა TH Wildau-ს პარტნიორ კომპანიაში- eCom Logistik, რომელიც წარმოადგენს ევროპის მასშტაბით ერთერთ უმსხვილეს ლოგისტიკურ კომპანიას საოფისე მოწყობილობების და საკანცელარიო საქონლის ვაჭრობაში. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ქართველი სტუდენტების პრაქტიკის განხორციელების საკითხი eCom Logistik-ში და მათი აქტიური ჩართულობა სწავლის პროცესში.

2022 წლის სექტემბერში კავკასიის უნივერსიტეტი და TH Wildau იწყებს ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას. პროგრამა ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) აქტიური თანამშრომლობით. ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ლოგისიკაში პირველია კავკასიის რეგიონში. იგი შემუშავებული იქნა გერმანელი სპეციალისტების მიერ და სრულად პასუხობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. პროგრამის მულტიდისციპლინური სასწავლო გეგმა თეორიული და პრაქტიკული ელემენტებით ლოგისტიკაში, მენეჯმენტსა და საინფრმაციო ტექნოლოგიებში აძლევს სტუდენტებს უნიკალურ შანს მიიღონ მაღალი დონის განათლება ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში.

გარდა აკადემიური სწავლებისა GLA-ს და TH Wildau-ს აქტიური თანამშრომლობით დაგეგმილია კავკასიაში ლოგისტიკის ლაბორატორიის და კვლევითი-სასწავლო ცენტრის შექმნა, რომელიც განახორციელებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კვლევით პროექტებს ლოგისტიკაში, მიწოდების ჯაჭვების მართვასა და ლოგისტიკის ციფრულ ტექნოლოგიებში. აღნიშნული ცენტრი დაეხმარება ადგილობრივ რეგიონალურ კომპანიებს მათი ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. ის ასევე გადაამზადებს კომპანიების მენეჯერებს და ტრენერებს ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის სხვადასხვა დისციპლინებში.